კურორტი წყალტუბო დასავლეთ საქართველოში, მდინარე წყალტუბოს ხეობაში, ზღვის დონიდან 95-120 მ-ზე მდებარეობს. ქუთაისიდან 7 კმ-თაა მოშორებული, თბილისიდან – 250 კმ-თი, ხოლო შავი ზღვიდან _ 70 კმ-ით. წყალტუბო ცნობილი იყო ჯერ კიდევ VII-IX საუკუნეებში, XII-XIII საუკუნეებში წყალტუბო, როგორც სამკურნალო პუნქტი, უკვე სარგებლობდა ფართო პოპულარობით. 1920 წელს წყალტუბოს ტერიტორია გახდა სახელმწიფო საკუთრება და შეიძინა ბალნეოლოგიური კურორის ფუნქცია. წყალტუბო დაიყო ბალნეოლოგიურ, სანატორიულ და საცხოვრებელ ზონებად სხვადასხვა დროს გაშენდა 19 სანატორიუმი და პანსიონატი, 9 სააბაზანო, საკურორტო პარკი, კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფილიალი. წყალტუბოს სამკურნალო წყალი დიდი ხანია გახდა ჯანსაღი ცხოვრების სიმბოლო. ბუნების ამ უნიკალურ საჩუქარს ტყუილად როდი უწოდეს “უკვდავების წყარო”. ადამიანის ორგანიზმზე კურორტის წყლების ნაყოფიერი ზემოქმედება ცნობილია უხსოვარი დროიდან. დღეისათვის კი თანამედროვე სამკურნალო-სარეაბილიტაციო დანადგარები მკურნალობის, პროფილაქტიკისა და ორგანიზმის ტონუსის ამაღლების საშუალებას იძლევა. უნიკალური სამკურნალო მინერალური წყლების გამო კურორტმა შორს გაითქვა სახელი. მისი მინერალური წყლები განეკუთვნებიან სუსტადრადონულ (1-2,7 ნკ/ლ ან 3; 7,5 მახეს ერთეული ან 40-100 ბკ.) ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ-სულფატურ, ნატრიუმიან-მაგნიუმიან-კალციუმიან წყლებს. წყლის ბუნებრივი ტემპერატურა (33-35°c) საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ ის წინასწარი შეთბობის გარეშე. კურორტ წყალტუბოში იყენებენ აბაზანის მიღების თავისებურ ტექნიკას. აბაზანის მიღების თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ მკურნალობა მიმდინარეობს მუდმივად გამდინარე წყალში, (ანუ მინერალური წყალი პროცედურის დასრულებამდე განუწყვეტლივ შემოედინება აბაზანაში და გადაედინება), რითაც წყალი მუდმივად ინარჩუნებს ფიზიკო-ქიმიურ და სამკურნალო თვისებებს, ერთგვაროვნებასა და ტემპერატურას. წყალტუბოს მინერალური წყლები სხვა წყლებისგან იმით განსხვავდება, რომ მასში შემავალი ინგრედიენტები, უმცირეს დასაშვებ ზღვარზე ნაკლები რაოდენობითაა. კურორტზე აღმოჩენილი იქნა კიდევ ერთი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი _ კარსტული მღვიმეები, რომელთა მიკროკლიმატი (განსაკუთრებით კი “თეთრი მღვიმის” მიკროკლიმატი) წარმატებით გამოიყენება ჰიპერტონული დაავადების, სტენოკარდიის, ქრონიკული პნევმონიის, ბრონქული ასთმისა და ნევროზების სამნკურნალოდ. წყალტუბოში მკურნალობენ როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებს. კლასიკური საკურორტო მკურნალობის რეკომენდირებული ხანგრძლივობაა 15-20 დღე. წყალტუბოში ასევე ფუნქციონირებს ალერგოლოგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის ინსტიტუტი. ინსტიტუტში ტარდება ფუნდამენტური გამოკვლევები იმუნოჰემატოლოგიაში, ალერგოლოგიაში, მოლეკულურ და კლინიკურ იმუნოლოგიაში, იმუნური სისტემის ფიზიოლოგიაში. ინსტიტუტის ეგიდით, 20 წლის განმავლობაში გაიმართა 30 მსოფლიო, ევროპული და ეროვნული სამეცნიერო ფორუმი.
წყალტუბოს სურათები